სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობის ნაწილი, სოფლის რწმუნებულის კაპიტონ ტორჩინავას გადადგომის მოთხოვნით, სოფლის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს. 20-მდე აქციის მონაწილე კი ამ წუთებში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა დგებუაძესთან ითხოვს შეხვედრას. მათი განმარტებით, ისინი გამგებლისგან სოფლის რწმუნებულის გადაყენებას მოითხოვენ.
"თუ სენაკის გამგებელთან შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო ,მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შევხვდებით",- უთხრა რადიო "ათინათს" აქციის მონაწილემ გენადი ხუხუნიმ.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობა უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად კაპიტონ ტორჩინავა დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ტორჩინავა მათი სოფლის მკვიდრი არ არის და ამასთან ნასამართლევია.
თავად კაპიტონ ტორჩინავა აცხადებს, რომ აქცია რამდენიმე ადამიანის მიერ არის ორგანიზებული და ეს არა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა.რაც შეეხება მის ნასამართლეობას,ტორჩინავას თქმით,გასული წლის 6 აგვისტოს მოეხსნა.
აქციის მონაწილეები ტორჩინავას თანამდებობიდან გადაყენებამდე აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები