Microsoft–მა განაცხადა, რომ კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი გახდა სატია ნადელა, რომელმაც ამ პოსტზე სტივ ბალმერი შეცვალა. 46 წლის, წარმოშობით ინდოელი ნადელა,Microsoft-ის ერთ-ერთი ვეტერანია: ის კომპანიაში 22 წელია მუშაობს.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გეითსიMicrosoft-ში მხოლოდ ახალი გენერალური დირექტორის ტექნიკური მრჩეველის რანგში იმუშავებს. კორპორაციის დირექტორთა საბჭოს კი ჯონ ტომპსონი უხელმძღვანელებს.
სატია ნადელა ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში, 1967 წელს დაიბადა. მან მანგალორის უნივერსიტეტი დაამთავრა, ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. მოგვიანებით კი მაგისტრის ხარისხი ვისკონსინ-მილოუკის უნივერსიტეტში მიიღო.
ნადელამ განაცხადა, რომ ისეთი კომპანია, როგორც Microsoft-ია, აფასებს ინოვაციებს და არა ტრადიციებს. მან თქვა, რომ კორპორაციას დიდი პერსპექტივები აქვს, თუმცა მათი მიღწევისთვის საჭიროა „უფრო ჩქარა მოძრაობა“ და „ცვლილებების გაგრძელება“.
მასალის გამოყენების პირობები