შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოძრავი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და მძღოლს გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა. პოლიციელებმა მძღოლის დაუმორჩილებლობის საფუძველზე აღნიშნული ავტომობილის დევნა განახორციელეს, რა დროსაც „ბე-ემ-ვე“-ს მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. მძღოლმა და მისმა თანმხლებმა მგზავრმა დაზიანებული მანქანა მიატოვეს და მიიმალნენ.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ორივე პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
სამართალდამცველებმა მიტოვებული ავტომანქანის დათვალიერებისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ეს“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 5 ჭურვი, 579 საბრძოლო ვაზნა, ვაზნების მოსათავსებელი 3 ჟილეტი, 17 მჭიდი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები