2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყო. თუ რამდენმა აბიტურიენტმა გაიარა ამ დრისთვის რეგისტრაცია ზუგდიდში ჯერ-ჯერობით უცნობია.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გონელ პაპავამ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლის საჯარო სკოლაში სწავლობდა.
„ჩარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში დაუფინანსებს სწავლას.“-განმარტავს რესურსცენტრის უფროსი.
მისივე ინფორმაციით გამოცდები ივნისის ბოლო კვირას დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია 21 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მსურველებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ (
www.naec.ge;online.naec.ge); იქვე განთავსდება რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია. • რეგისტრაციის პირველ ეტაპზე,რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება - ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება; • 2014 წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. • სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(
www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (
www.naec.ge) ვებგვერდებზე.
მასალის გამოყენების პირობები