განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან და კეთილგონივრული სასკოლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაცია „დეამ“ დღეს, 26 თებერვალს სადისკუსიო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა „დეას: პროექტის „გზა ინკლუზიისკენ“ ფარგლებში შემუშავებული სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობის ალტერნატიული მოდელი, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დამყარებული ეფექტიან სასკოლო რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული.
აქვე განიხილეს ის კონცეფცია, რომელიც თბილისში, თელავსა და ზუგდიდში კვლევის შედეგად იქნა შემუშავებული.
ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მზად არის განიხილოს აღნიშნული კონცეფცია და გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ნორმატიულ აქტში.
„ეს არ ეხება მხოლოდ ინკლუზიურ განათლებას, ეს არის ზოგადად განათლების სისტემაში მშობლისა და სკოლის როლი“-აღნიშნავს მადონა ხარებავა.
დისკუსიაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებდნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ განაცხადა, თვითმმართველობა თავის როლს შეასრულებს და აქტიურად ითანამშრომლებს პროექტის განხორციელების პროცესში.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგიური საზოგადოების, რესურსცენტრების წარმომადგენლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.
„პროექტი დროული და საჭიროა, მაგრამ მისი გნხორციელება საბავშო ბაღებიდან უნდა დაიწყოს“,-აღნიშნავს კორცხელის საბავშვო ბაღის აღმზრდელი მედეა თორდია.
სამი შვილის დედა ნუნუ ქარდავა მიიჩნევს, რომ განათლების ახალი მოდელის დანერგვა ხელ შეუწყობს, როგორც საგნობრივი განათლების დონის ზრდას, ასევე საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი კულტურის ამაღლებასაც.
მასალის გამოყენების პირობები