სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე პირებს, ანაკლიაში სასტუმრო „პალმბიჩში“ ხვდება. მინისტრის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინაციის გაუმჯობესება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამასთან, როგორც ყიფიანი აცხადებს, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე შემუშავდება კონკრეტული ღონისძიებები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას.
„ბევრი პროექტი გვინდა განვახორციელოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად და ვეცდებით, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია და ის პროექტები განავახორციელოთ, რომელიც აქტუალური იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ლევან ყიფიანი.
სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა მინისტრთან შეხვედრას 69 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლი ესწრება. როგორც ისინი აცხადბენ, მთავარია ახალგაზრდები დასაქმდნენ და ამასთან, მიეცეთ თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების შესაძლებლობა.
„მისასალმებელია, რომ დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლე-ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას, ჩვენ ამ კულტურას მოკლებულები ვართ. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ფეხბურთის განვითარებას. სპორტის ეს სახეობა საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს“, - ამბობს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური იობაია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ორ დღეს გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები