„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში საგაზაფხულო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში უკვე მიმდინარეობს. მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია 181 ტრაქტორი ხოლო მუნიციპალიტეტში არსებული 1102 ჰექტარი მიწის ფართობიდან ამ დროისთვის 90 ჰექტარი დამუშავებულია.
როგორც
რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ განუცხადა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზემოაღნიშნულ პროექტზე მუნიციპალიტეტში ერთი მილიონ 192 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე დოჩიას განმარტებით შარშანდელთან შედარებით წელს ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარებს ვერ მიიღებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.
აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან; მას შესაძლებლობა ექნება სასურველი პროდუქტი მიიღოს ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ 1 თებერვალს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები