ზუგდიდში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახის შვილებისთვის ბავშვთა დღის ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრს ერთდროულად 40-მდე ბენეფიციარის მიღება შეეძლება და ის ზუგდიდის სოციალური სააგენტოს შენობაში განთავსდება. ასაკობრივი ზღვარი კი 6-დან 18-წლამდე არის განსაზღვრული. პროექტის მიხედვით, ბენეფიციართა 40%-ს დევნილი ბავშვები უნდა შეადგენდეს.
როგორც
რადიო „ათინათთან“ საუბარში პროექტის კოორდინატორმა თამარ დაგარგულიამ აღნიშნა, პროექტი 3 წელი გაგრძელდება და სამიზნე ჯგუფი ზუგდიდში მცხოვრები 150 სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იქნება.
„ბენეფიციარი ბაშვების სია სოციალური სააგენტო მოგვაწვდის. ბავშვთა ცენტრი 2-დან 6 საათამდე იფუნქციონირებს. კვება ორჯერადი იქნება, ბავშვებს ასევე, გაეწევათ ფსიქოლოგის დახმარება და განხორციელდება აკადემიური მოსწრების დონის ამაღლების აქტივობები “, - ამბობს თამარ დაგარგულია.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, როგორც პროექტის კოორდინატორი განმარტავს, ბენეფიციარ ოჯახებს ჩაუტარდებათ პროფესიული ხასიათი ტრენინგები და გაიცემა მცირე გრანტები.
პროექტს არასამთვარობო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“, საქართველოსა და გერმანიის ფინანსური დახმარებით, განახორცილებს.
მასალის გამოყენების პირობები