ჩვენს ოჯახზე ზეწოლა იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გამოგვძალონ, - ამის შესახებ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ როლანდ ახალაიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 15 თვეა მისი ოჯახი პოლიტიკურ დევნაში სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების გამოძალვის გამო იმყოფება. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ახალაიას ოჯახი სააკაშვილზე, რონალდ ახალაიამ ასე უპასუხა - "დანარჩენს მერე ვიტყვი, თუმცა კარგა ხანია ამ მიმართულებით ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს".
მან მოსამართლე ბესიკ ბეგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა.
"მოსამართლემ დაწერა განაჩენი, რითაც ხელი მოაწერა დანაშაულის ჩადენას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არაფერი არ აქვს საერთო სიმართლესთან. რაც შეეხება პროკურატურას, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს არის კრიმინალური ორგანიზაცია. მათ დართული აქვთ ნება, რომ გააკეთონ ყველაფერი, ოღონდ საქმე შეკრან პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. ისინი ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მოწმეებს, უკანონოდ თავისუფლებას აღუკვეთავენ პირებს, აშანტაჟებენ. მაგრამ მათ პასუხს არავინ სთხოვს. ჩემი ოჯახი 15 თვეა ასეთ დევნას განიცდის, მათ შორის, ჩემზეც მიმდინარეობს პროვოკაციები, რამდენჯერმე დააკავეს ადამიანები, რომ ჩემს წინააღმდეგ აელაპარაკებინათ", - განაცხადა როლანდ ახალაიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ყველაფერი მისი ოჯახის წინააღმდეგ იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცენ. "მინდა ვუთხრა, რომ მათგან განსხვავებით ჩვენს ოჯახს ის სიმდიდრე გააჩნია, რასაც ჰქვია ღირსება და რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარული. ისინი ვერ გაგვტეხენ და გაგვაკეთებინებენ იმას, რაც არ ყოფილა, ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გაგვანადგურებენ. ეს გაითვალისწინოს ივანიშვილმა და მისმა შვილობილმა ღარიბაშვილმა", - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
დათა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში პოლიციელების ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაზე მოსამართლემ დღეს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები