დამპალი იატაკი, ჩამონგრეული ჭერი, ობმოკიდებული კედლები, თითქმის დანგრევის პირას მყოფ ფიცრულში უკვე ოთხ წელზე მეტია ზუგდიდელი ირინა კუხალეიშვილი ცხოვრობს.
კუხალეიშვილი მარტოხელა და სოციალურად დაუცველია. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში ყვება, მას სახლი 2010 წელს დაენგრა და დახმარებისთვის ადგილობრივ მთავრობას 2011 წელს მიმართა. მაშინ გამგეობისგან ერთჯერადი სახის ფულადი დახმარება 100 ლარი და 2 კბ. მეტრი ფიცარი მიიღო.
კუხალეიშვილის თქმით ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან დახმარების სათხოვნელად ერთი თვის წინ მივიდა, როგორც თავად ყვება, გამგეობა დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე, მისივე თქმით არანაირი სახის დახმარება არ მიუღია.
„ ცუდ ამინდებში მეზობლებთან ვრჩები, როცა სახლში ვარ მაგიდაზე ვშლი ლეიბს და იქ ვიძინებ. მაგიდიდან გადმოვარდი და ხელი მოვიტეხე. ვითხოვ რომ ნორმალური თავშესაფარი მქონდეს“, - აღნიშნავს რადიო „ათინათთან“ საუბარში ირინა კუხალეიშვილი.
კუხალეიშვილის მეზობლები მასმედიასთან საუბარში აღნიშნული ქალბატონის მდგომარეობაზე წუხილს გამოთქვამენ და ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
შუახნის ქალბატონი, თალიკო ქაჯაია უკვე 60 წელია კუხალეიშვილის მეზობლად ცხოვრობს და მის საყოფაცხოვრებო მდგომარეობას იზიარებს.
„ზამთარში ხან ერთ მეზობელთან რჩება ხან მეორესთან. სახლი მესრებითაა დაბჯენილი, გვეშიანია ამ სახლის ნანგრევებში არ მოყვეს. ხო შეიძლება რომ ადგილობრივმა მთავრობამ ყურადღება მიაქციოს და დახმარება აღმოუჩინოს ამ ქალბატონს?! “ - უთხრა რადიო „ათინათს“ თალიკო ქაჯაიამ.
რადიო „ათინათი“ აღნიშნულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურს დაუკავშირდა, როგორც ადმინისტრაციაში განგვიმარტეს ირინა კუხალეიშვილის სახელით გამგეობაში განცხადება არ შემოსულა.
„აღნიშნული ქალბატონის მდგომარეობას შევისწავლით და შემდგომში მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია გამგეობას“-აღნიშნა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, გოგი რევიამ.
ხოლო რესპოდენტის ნათქვამს, თითქოს ის ერთი თვის წინ გამგებელ ედიშერ თოლორაიასთან დახმარების სათხოვნელად იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ სამსახურში არ ადასტურებენ. როგორც მათ განგვიმარტეს მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიას მოქალაქეებთან შეხვედრა არ ქონია. რის მიზეზადაც ადმინისტრაციამ თოლორაიას ადგილზე არ ყოფნა დაასახელა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიას მოქალაქეების მიღება ყოველ პარასკევს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები