თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი გახდება. ხოლო, რაც შეეხება სოფლების ტერიტორიულ მოწყობას, მთავრობას ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს მიღებული. მანამდე კი, არსებობს მოსაზრება და სურვილი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიეტი გაიყოს ორ ნაწილად: თვითმმართველ ქალაქად და ერთ მუნიციპალიტეტად, სადაც 30 სოფელი გაერთიანდება. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაბამის უწყებას ოფიციალური წერილითაც მიმართა.
პოლიტიკურმა პარტიებმაც სწორედ ამგვარ ტერიტორიულ მოწყობას მოარგეს საკუთარი მერობისა და გამგებლობის კანდიდატურების წარმოჩენა. პარტიების უმრავლესობა ამ ეტაპამდე მერობის და გამგებლობის მხოლოდ თითო-თითო კანდიდატზე მსჯელობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსგან მიიღო რეკომენდაცია, სადაც საბჭო საკრებულოს მოსაზრებას არ იზიარებს და თავის რეკომენდაციებს სთავაზობს:
„თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრედ დარჩენილი ტერიტორიები, ოროგრაფიული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გაიყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ხუთ ტერიტორიულ ზონად, სადაც რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნის შესაძლებლობაა“, - ვკითხულობთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წერილში.
შესაბამისად, რეკომენდაციის თანახმად, ზუგდიდის სოფლებისგან უნდა შეიქმნას ხუთი თვითმმართველი ერთეული. კერძოდ, ცაიშის, აბასთუმანის, ურთის, ოქტომბრისა და დიდინეძის თემების გაერთიანებისგან შეიქმნება ერთი თვითმმართველი ერთეული, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, შეირჩა სოფელი ცაიში. ზუგდიდის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები: ოდიში, ახალსოფელი, ყულიშკარი, ნარაზენი, ჯიხაშკარი, გრიგოლიში და ჭაქვინჯი ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანდებიან. ადმინისტრაციული ცენტრად კი ნარაზენი ან ახალსოფელია შეთავაზებული. ხოლო, ჭკადუაში, ჩხორია, რიყე, რუხი და კორცხელი ერთი თვითმმართველი ერთეული იქნება, რომლის ადმინისდტრაციულ ცენტრად სოფელი რუხი მოიაზრება. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების: კახათის, ახალკახათის, კოკის, შამგონას, ორსანტიისა და ოირემეს ადმინისტრაციულ ცენტრად კახათი შეირჩა. რაც შეეხება, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებს - ანაკლიას, განმურურს, დარჩელს, ორულსა და ერგეტას ერთი თვითმმართველი ერთეული ექნება. ადმინისტრაციული ცენტრი კი სოფელი ანაკლია.
ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ქალაქი ზუგდიდი უნდა გაფართოვდეს.
„ქალაქი ზუგდიდის ტერიტორიის მოსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა თვითმმართველი ქალაქისთვის მის გარშემო ე.წ. „ზრდის ზონის“ და რეკრეციული ზონის ქალაქისთვის მიკუთვნების აუცილებლობა. ასევე, მიმდინარე სოფლების: ინგირის, ახალ აბასთუმანისა და ჭითაწყარის არსებულ ურბანულ ინფრასტრუქტურასთან პრაქტიკული ინტეგრაციის შესაძლებლობები, ინგირის აეროპორტის ქალაქის ტერიტორიაში მოქცევის მიზანშეწონილობა“, - აღნიშნულია რეკომენდაციაში.
ამ უკანასკნელი რეკომენდაციისგან განსხვავებით, ხუთი თვითმმართველი ერთეულის შექმნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო კვლავ არ ეთანხმება. საკითხი, შესაძლებელია, ხვალ, 27 მარტს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე განიხილონ.
მასალის გამოყენების პირობები