სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის დირექტორის ნათია ხუფაცარიას და ფრანგული სკოლ-ლიცეუმის დირექტორის კახაბერ ფარცვანიას მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის მთავარ ბიუროში გაწევრიანებას გამოეხმაურა.
მან, ფაქტი მასწავლებლების შეცდომად შეაფასა და მათ შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი ბიუროს წევრობა პარტიის პოლიტიკის გატარებისთვის მუშაობას ნიშნავს და არ შეიძლება, რომ სკოლა ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.„მე ჩავთვლი რომ, ეს არის ამ ორი დირექტორისგან შეცდომა, ორივე მაღალი რანგის პროფესიონალია. მე მათ მოვუწოდებ დემონსტრაციულად გამოვიდნენ ოცნების მმართველი ბიუროდან და ამით საზოგადოებას თავისუფლების მაღალი ხარისხის მატარებლად აჩვენონ თავი“,-აღნიშნა ჯგუშიამ.
ჯგუშიას განცხადებასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გოგია კომენტარს არ აკეთებს.
დირექტორი კახაბერ ფარცვანია კი „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების გამოყენებით პასუხობს. „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ჩემი კონსტიტუციური უფლებაა ნებისმიერ პარტიაში გაწევრიანება. საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ მე-13 მუხლის პირველ პუნქტში კი წერია, რომ დაუშვებელია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესის პოლიტიზირება, შესაბამისად, როცა პოლიტიზირების მომენტს ვერ ვხედავთ, მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი არ არსებობს",-აცხადებს კახაბერ ფარცვანია.
თენგიზ ჯგუშიას მიერ გამართულ შეხვედრას პედაგოგები და სკოლის დირექტორებიც ესრებოდნენ, შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები