გალის რაიონის სოფლების, ფიჩორისა და ოტობაიის 18-მა ქართველმა მოსწავლემ, რომლებიც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში სწავლობენ და პირობით ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლისას პრობლემები ექმნებოდათ, 31 მარტიდან სპეციალური საშვები მიიღეს.
ამის შესახებ, განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯოლოგუამ რადიო"ათინათთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა. „დღეს სკოლაში 18 მოსწავლიდან 17 მოსწავლე გამოცხადდა,ამ მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო გალის აფხაზური ადმინისტრაცია და მოსწავლეთა მშობლები“-დასძენს ჯოლოგუა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებაზე, აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ ოტობაიის გამგებელი და მშობლები. როგორც,სოფელ ოტობაიის მკვიდრი,“ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ მონიტორი რეზო ჩიკვატია ამბობს,ეს შეთანხმება ძალაში,წლის ბოლომდე იქნება და მოსწავლეები საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთენ.
ოტობაია-განმუხურის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადაადგილების პრობლემა მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ საბერიო-ფახულანის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე.
ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეთათვის გადაადგილება ახალი სასწავლო წლიდან შეიზღუდა. მაშინ რუსეთის სამხედროებმა მოსწავლეებს და მათ მშობლებს განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები