ფოთში ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ათასზე მეტი ადამიანი, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათი განცხადებით, ფოთის პორტის მმართველი კომპანია "ეი-პი-ემ ტერმინალსი", საკონტეინერო გადაზიდვების მონოპოლიზებას ახდენს, რის გამოც, შესაძლოა 40-ზე მეტი კომაპანიის 5 ათასამდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩეს.
საკონტეინერო ტერმინალის ,,კავტრექსფოთის" გენერალური დირექტორი, რობერტ გვაზავას განცხადებით, მსგავსი ღონისძიების გატარება ლოჯისტიკური კომპანიების დახურვას გამოიწვევს.
"ჩვენს კომპანიებს ამ სფეროში საქმიანობის 20-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი მოთხოვნა არის არ მოხდეს მონოპოლია, არ მოხდეს ერთ სუბიექტზე უპირატესობის მინიჭება, რაც გამოიწვევს ყველა საკონტეინერო ტერმინალის, ყველა ლოჯისტიკური კომპანიის დახურვას. მივმართვათ მთავრობას, რომ ბიზნესი იყოს თანაბარ პირობებში. ,,აი-პი-ემ ტერმინალსი" აკეთებს იგივე ტერმინალს, როგორიც ჩვენია",-აცხადებს გვაზავა.
აქციაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი მივიდა. მისი განცხადებით, საკითხი შესწავლას საჭიროებს.
"ვფიქრობ, რომ პორტმა უნდა მოახერხოს საქმიანობის გაფართოება, მაგრამ ამავე დროს ადამიანებმა, რომლებიც ამ ბიზნესში არიან დასაქმებულები, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ჩვენ შევეცდებით შევხვდეთ ორივე მხარეს და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აქციას ფოთის პორტიდან არავინ გამოხმაურებია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა ნადარაია განმარტავს, ფოთის პორტი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით ხელმძღვანელობს.
"ეს არ არის მონოპოლისტური მდგომარეობა, ეს გახლავთ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, რაც პირიქით, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაზრდასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას კლიენტებისთვის," - განაცხადა ნადარაიამ.
აქცია საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლები ცენტრალურ ხელისუფლებას, საკითხით დაინტერესებისკენ და ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები