სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. ჯგუშიას განცხადებით, პრემიერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ადილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლებმა „ვირტუალური რეალობა“ შეუქმნეს და მას მხოლოდ სპეციალურად შერჩეული ადამიანები, წინასწარ მომზადებული კითხვებით დაახვედრეს.
როგორც თენგიზ ჯგუშიამ დღეს, 4 აპრილს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან, ტელევიზიის საშუალებით, შეხვედრაზე ნახა ისეთი ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ როლანდ ახალიას უჭერდნენ მხარს და რომლებსაც მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" მხადასაჭერად ძალით გამოჰყავდა.
„მე როგორც სამეგრელოს ხმის ლიდერი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ყოველთვის და ბოლომდე გავაპროტესტებთ ისეთ მოვლენებს, რაც საზოგადოების პრობლემებისადმი ზურგის შექცევას გულისხმობს. ღარიბაშვილისადმი ჩემი დიდი პატივიცსცემის მუხედავად, საქართველოს პრემიერი უკეთ უნდა იცნობდეს სამეგრელოს რეგიონის პრობლემებს და ვირტუალურ რეალობაში არ უნდა ამყოფებდეს საკუთარ თავს. ის ძალიან ნიჭიერი ახალგზარდა პოლიტიკოსია და უნდა არჩევდეს სად არის სიმართლე და სად ფარსი“, -აცხადებს თენგიზ ჯგუშია.
"სამეგრელოს ხმის" ლიდერის განცხადებებს ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, დადიანების ეზოში პრემიერის, საჯარო მოხელეების, პედაგოგების, ძალოვანი სტრუქტურისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა იყო საქმიანი და საუბარი რეგიონის განვითარებას შეეხებოდა.
„პრემიერი მოსახლეობას სოფელ რუხში და ხურჩაში შეხვდა, ასევე დევნილებს კომპაქტურ ჩასახლებაში და თუ ვინმემ წამოაყენა პრეტენზია, რომ საჯარო მოხელეები სამუშაო დროს იმყოფებოდნენ შეხვედრაზე, დიახ იმყოფებოდნენ, რადგან ეს იყო სამუშაო და საქმიანი შეხვედრა პრემიერთან", - განმარტავს მაია ღურწკაია.
შეგახსენებთ რომ, საქართველოს პრემიერ მინისტრიო ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში 2 აპრილს იმყოფებოდა. ის, დადიანების სასახლის ეზოში 250-მდე ადამიანს შეხვდა. შეხვედრაზე საჯარო მოხელეები, სოფლის რწმუნებულები, ექიმები, პედაგოგები, ძალოვანი სტრუქტურისა და საზოგადოება "ზუგდიდელის" წარმომადგენლები სჭარბობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები