მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო" სამეგრელოს რეგიონში ქსელს აფართოებს. "კრედომ" სამეგრელოს რეგიონში რიგით მეოთხე ფილიალი დღეს, 4 აპრილს ჩხოროწყუში, მშვიდობის ქუჩის 2 ნომერში გახსნა.
"კრედოს" ჩხოროწყუს ფილიალის მმართველმა ამირან აფხაზავამ აღნიშნა, რომ კომპანია მცხოვრებლებს აგრო და ურბანული განვითარების სესხებს შესთავაზებს.
აგრო სესხის გაცემა მევენახეობის, მესაქონლეობის, კაკლოვანი კულტურების და სხვა ნებისმიერი ტიპის სასოფლო სამეურნეო ბიზნესის მფლობელებზე ხდება, ხოლო ურბანული სესხით სარგებლობა ქალაქში ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დაკავებულ პირებს შეეძლებათ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რეგიონში ახალი ფილიალის გახსნა მსესხებელთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
"კრედო" ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო კომპანიაა საქართველოში. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა მთელ საქართველოში, ასევე ამ სფეროში დამატებითი სამუშაო ადგილებისა და კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნა.
"კრედოს "ჩხოროწყუს ფილიალში 12 ადამიანი დასაქმდება, რომლებიც ხარისხიან ფინანსურ მომსახურებას გაუწევენ მომხმარებლებს.
ფილიალი იმუშავებს ყოველ დღე, კვირის გარდა.
მასალის გამოყენების პირობები