გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს მისი ძმის გარდაცვალების საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც გუშინ სახალხო დამცველთან და საია-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა განუცხადა, ის ყველა ინსტიტუტს მიესალმება, რომელიც ამ საქმეში ჩაერთვება და ობიექტურად მოინდომებს საქმის გამოძიებას.
გიორგი თათუხაშვილმა ის მიზეზიც განმარტა, რატომ არ გამოცხადდა გუშინ ოჯახი პროკურატურაში დაკითხვაზე. "დღევანდელი პროკურატურა კი არ იძიებს, საქმის მიჩქმალვას ცდილობს. არც კი ვიცით, რაზე გვიბარებენ ოჯახის წევრებს. ვერ გავარკვიეთ რა მუხლით, რისთვის ვიყავით დაბარებულები. ჩვენ პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", -აღნიშნა გიორგი თათუხაშვილმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ დღეს გავრცელებულ დასკვნას ენდობა, სადაც ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.
გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები