დღეს,ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა 6 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
ამ გზით,მშობლები 2012 წელს გაუჩანერებული გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელის გარკვევას მეორე წელია ითხოვენ,თუმცა უშედეგოდ.
„გვითხრან სად არის ჩვენი შვილი, ცოცხალი ან მკვდარი!“ - აცხადებენ გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები.
აქციის მიმდინარეობის დროს მათთან სასაუბროდ არავინ მისულა. თუმცა, შსს-ში გოგიტა აბულაძის და მანანა აბულაძე დაიბარეს.
მანანა აბულაძემ რადიო „ათინათს“ განუცხადა,რომ მინისტრის მოადგილეს ვანო პაპიაშვილს შეხვდა, რომელმაც პირობა მისცა,რომ საქმის ხელახალ გამოძიებას დაიწყებს.
„ისევ დროის წაღება უნდათ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, დარწმუნებული ვარ გამოსაძიებელი არაფერი არ არის, ყველაფერი მშვენივრად იციან, უბრალოდ არ გვეუბნებიან“ - განაცხადა გაუჩინარებულის დამ.
გოგიტა აბულაძის მშობლები ამბობენ, რომ საქმის ხელახალი გამოძიების დაპირება ირაკლი ღარიბაშვილისგან,მისი შსს მინისტრობის დროს მიიღეს.
ცინარა აბულაძის თქმით, 2 აპრილს ღარიბაშვილის ზუგდიდში ვიზიტისას ის და მისი მეუღლე შსს-ში დაიბარეს,თუმცა,მათთვის იქ ახალი არაფერი უთქვამთ და როგორც ცოლ-ქმარი ფიქრობს,ისინი უბრალოდ პრემიერს გაარიდეს.
დღეს გამართული აქცია 15:00 სთ-ზე შეწყდა. გაუჩინარებული აბულაძის მშობლები აცხადებენ, რომ აქციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან გააგრძელებენ.
ცნობისთვის: გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო „ანაკლიაში” წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, სადაც ეწერა: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”.
მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები