ზუგდიდში, სააფთიაქო სამმართველოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა კორპუსების სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 80 მუშა სამშენებლო კომპანია „ბლოკ ჯორჯიასგან“ კუთვნილი ხელფასების გაცემას ითხოვს.
მუშები რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტავენ, რომ მათ სამი თვის გასამრჯელო ეკუთვნით და კომპანიისგან უკვე მერამდენედ ითხოვენ ხელფასის გაცემას. თანხის გაუცემლობის შემთხვევაში, ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
„ უკვე მერამდენედ დაგვიბარეს და დღესაც მოგვატყუეს. ჩვენ აქ მინიმალურ ფასად ვმუშაობდით და ახლა ამ თანხასაც არ გვიხდიან. ჩვენს უკან ოჯახები დგას, ბანკიდან სესხები გვაქვს აღებული. ათას მიზეზებს იძახიან, უხარისხოდააო შესრულებული .როდესაც ვაკეთებდით, მაშინ რატომ არ გვითხრეს, ცუდად აკეთებთო?! “ - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯეირან დარასელიამ, რომელსაც, როგორც თავად ამბობს 1360 ლარი აქვს მისაღები.
რადიო „ათინათი“ სამშენებლო კომპანია „ ბლოკ ჯორჯიას“ დირექტორს ვახტანგ ჯანაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა,რომ მუშები ხელფასს მხოლოდ სამშენებლო ხარვეზების გამოსწორების შემდეგ მიიღებენ, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ მუშებს ერთი კვირა მისცა.
ჯანაშვილის განმარტებით, მუშების სახელფასო დავალიანება დაახლოებით 65 000 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები