ზუგდიდში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა მიაგეს.
„ ეს არის ტრაგედია და ტკივილიანი დღე ქვეყნისთვის რადგან ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ახალგაზრდებმა და არა მარტო ახალგაზრდებმა შესწირეს თავი. მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყნის ზეიმი , რადგან საქართველო დღეს კიდევ იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“ - ასე შეაფასა 9 აპრილი მედიასთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ ნონა თოლორაიამ.
9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, - ,, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში.1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ის იყო ქართველი და არა საბჭოელი, გააცნობიერა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწყუროდა. 21 ადამიანი დაიღუპა მაშინ რუსთაველის გამზირზე, მათ შორის 22 წლის აზა ადამია, რომელიც ჩვენი რეგიონის მკვიდრი იყო. ეს ადამიანები დღეს გმირები არიან, ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და სიყვარულს. ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი–საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის,,–განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი თაიგულებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
მასალის გამოყენების პირობები