ანაკლიაში, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ანაკლიის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, ისინი გაჩერებული მშენებლობების თაობაზე ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
"დღეს, ერთდროულად 6 პრესკონფერენცია უნდა ჩატარებულიყო თბილისში, თელავში, მცხეთაში, წყალტუბოში, ანაკლიასა და ბათუმში. ყველაგან ერთდროულად მოხდა "ქართული ოცნების" აქტივისტების მივარდნა. მათ პრესკონფერენციის ჩაშლა სურდათ, მაგრამ გარდა ანაკლიისა, ყველგან ჩატარდა. ანაკლიაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ჩვენი რამდენიმე წევრი ნაცემია"- აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში.
"ჩვეულებრივი პრესკონფერენცია გვქონდა, როცა მოგვისიეს ზონდერ- ბრიგადები, რომელიც დაკომპლექტებული იყო წალენეჯიხის მაცხოვრებლებისგან, ფოსტაში მომუშავე ადამიანებისგან და დარჩელის მოსახლეობის ნაწილისგან, რომლებმაც პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენეს,"-აღნიშნა ლაშა დამენიამ ზუგდიდის "ნაციონალური მოძრაობის"შტაბის ხელმძღვანელმა.
"ქართული ოცნების" მომხრეების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არა აქვთ ანაკლიაში
ბრიფინგის ჩატარების უფლება,რადგან მათი თქმით,ისინი 9 წლის განმავლობაში ძალადობდნენ ხალხზე.
აქციის მონაწილე ვახტანგ ქუჩულორიამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა,რომ ამ ხალხს საქართველოსთვის და განსაკუთრებით სამეგრელოსთვის ,ცუდის გარდა არაფერი გაუკეთებიათ:
" მათ ერი სულიერად დაასახიჩრეს, ამიტომ მათ ხელისუფლებაში მოსვლას აღარ დავუშვებთ"-განაცხადა მან.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიგა ლუკავა, თენგიზ გუნავას პოლიციაში მუშაობის დროს, ანაკლიაში 23-მდე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე საუბრობდა.
მასალის გამოყენების პირობები