საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის შემოჭრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი: 10 აპრილს, 10:40 საათზე, რუსული AN-2 ტიპის თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონასა და ხურჩაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა.
აღნიშნულმა თვითმფრინავმა 12:45 საათზე კვლავ დაარღვია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებს, შამგონას, ხურჩას, რუხსა და ფახულანს გადაუფრინა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, სათანადო რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტზე, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებებისა და ვითარების დაძაბვის მცდელობების აღკვეთის მიზნით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები