რუბრიკები
შპს „აკვაპარკის“ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის
ზუგდიდის გამგეობასა და შპს „აკვაპარკს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას #195 ბრძანება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შპს „აკვაპარკის“ საკითხზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელმაც, საკითხი ერთი თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს. კომისიის დასკვნის საფუძველზე საკრებულომ ახალი სამართლებრივი ინდივიდუალური აქტი უნდა გამოსცეს.
კომისიის წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ წევრები საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. კომისიის სხდომები საჯარო იქნება.
ცნობისთვის, შპს „აკვაპარკის“ ხელმძღვანელმა, მანანა მიქავამ 2008 წელს ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან, 900 ათასამდე კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, 250 ათას ლარად შეიძინა. მიქავას ამ ტერიტორიაზე აკვაპარკის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა, ის 2010 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მიქავა პატიმრობიდან 2013 აგვისტოში გაათავისუფლეს. ზუგდიდის საკრებულომ შპს-ს მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, შეუსრულებელი ვალდებულების გამო, 2013 წლის 7 მარტს გაუუქმა.
მიქავამ საკრებულოს გადაწყვეტილება, ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ზუგდიდისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები