ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი აღდგებოდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ , დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცნობილია ის, რომ შეიცვალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
"მოლოდინი გვქონდა, რომ ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლის შემდეგ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი აღდგებოდა გალში, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა არის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო შეხვედრის აღდგენასთან დაკავშირებით.
ამას ვერ ვიტყვი ერგნეთის მექანიზმზე, ერგნეთის მექანიზმი მუშაობს და ის არის ერთგვარი საშუალება კომუნიკაციის. თვეში ერთხელ ხდება შეკრება და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჟენევის დისკუსიების. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი და სურვილიც არის, რომ სწრაფად და დროულად მოხდეს გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენა", -აღნიშნა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები