საქართველოს მთავრობა ახალგაზრდული ბანაკის პროგრამას განახორციელებს, რომლის სახელწოდება იქნება "მომავლის ბანაკი". ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით, მიღებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება. აღნიშნული წინადადება 2014 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე პროგრამა "მომავლის ბანაკის" განხორციელებას ითვალისწინებს.
"პროგრამა "მომავლის ბანაკის" სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა ღონისძიების გამართვის ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა.ა) შესარჩევი კანდიდატურების ასაკობრივი ზღვარი - 14-18 წელი (საჯარო სკოლის მოსწავლეები); ა.ბ) თითოეული საჯარო სკოლიდან დირექციის მიერ წარმოდგენილი 1 კანდიდატურა (მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინირებული, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით); , - აღნიშნულია განკარგულებაში.
კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან 1728 ბენეფიციარის შერჩევა (თითოეულ 6 ნაკადზე - 288 პირი).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი, წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა და ასევე, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებელი ფუნქციონირება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.
ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ანაკლიაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება", -ნათქვამია განკარგულებაში.
მასალის გამოყენების პირობები