კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია გამარჯვებაში დარწმუნებულია. იგი ამბობს, რომ საზოგადოებაში მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეთითხნილია და 15 ივნისს გამოჩნდება არის თუ არა ის “მართალი ადამიანი“. რადიო
„ათინათი“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი გოგოხიასთან.
რადიო "ათინათი": რატომ ირაკლი გოგოხია? როგორ ფიქრობთ, რა დამსახურების მიხედვით შეგარჩიათ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“?
ირაკლი გოგოხია: პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ეს დიდი ნდობა და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ზუგდიდში ძალიან ბევრი ნიჭიერი და ღირსეული ადამიანია, მაგრამ დღეს ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი მე ავღმოვჩნდი. ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.
რადიო „ათინათი“: ვის თვლით ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
ირაკლი გოგოხია: „ნაციონალურ მოძრაობიდან“- თეიმურაზ ბასილაიას...
რადიო "ათინათი": თუ არ ვცდები თეიმურაზ ბასილაია თქვენი მეგობარი და ოჯახის ახლობელია...
ირაკლი გოგოხია: დიახ, თეიმურაზი ჩემი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და სხვადასხვა პლატფორმაზე ვდგავართ, თუმცა, ეს ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის.
რადიო "ათინათი": ფიქრობთ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებთ?
ირაკლი გოგოხია: დიახ, ცალსახად. მთავრობის იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის. თუნდაც, ეს იყოს თვითმმართველობის კოდექსის მიღება. აირჩიო მერი ნიშნავს, რომ აკონტროლო და თვითონაც მართო. ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ, პასუხისმგებლობის აღება და შეცდომები სხვას არ უნდა გადავაბრალოთ. ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქალაქის სიყვარულში.
რადიო "ათინათი": ზუგდიდი თვითთმართველი ქალაქი ხდება, როგორ ფიქრობთ რა ხერხებით უნდა შეივსოს ბიუჯეტი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქალაქის განვითარებისთვის?
ირაკლი გოგოხია: ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახადები უფრო მეტი რაოდენობით დარჩება ადგილზე. პლუს ბიზნესის განვითარება და მოზიდული ინვესტიციები, რაც უფრო მეტი საწარმო გაიხსნება და სამუშაო ადგილები შეიქმნება, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს ყველაფერი.
რადიო "ათინათი": როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რას პირდება ზუგდიდელებს ირაკლი გოგოხია?
ირაკლი გოგოხია: პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მექნება, სადაც მომავალი 3 წლის პროგრამა დაწვრილებითაა გაწერილი.
რადიო "ათინათი": ბატონო ირაკლი, თქვენს მიმართ რამდენიმე ბრალდება გაჟღერდა, მათ შორის „რომპეტროლთან“ და „აგრი ჯორჯიასთან“ დაკავშირებული საწვავის საქმე,რომელთანაც დაკავშირებით თქვენ გაგასამართლეს.
ირაკლი გოგოხია: ამჟამად ნასამართლეობა მოხსნილი მაქვს. რაც შეეხება საწვავის საქმეს, მთელმა ზუგდიდიმა იცის, რომ ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ დაიგეგმა. ვიყავი თუ არა მართალი 15 ივნისს გამოჩნდება და ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ათასობით მოქალაქის მსგავსად მე და ჩემს პარტნიორებსაც განცხადება გვაქვს შეტანილი პროკურატურაში. საქმეს შესწავლა სჭირდება, დაველოდოთ შედეგებს.
რადიო "ათინათი": ბატონო ირაკლი, თქვენ იყავით „ახალ მემარჯვენეებში, „აღორძინებაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახლო მეგობარი ხართ, მათ შორის ზაზა გოროზიასი...
ირაკლი გოგოხია: 2003 წელს „აღორძინებიდან“ მეგობრების შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მაშინ სამეგრელოში განუკითხაობა იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას თითქოს არ ახსოვდა ჩვენი რეგიონი და იყო საუბარი, რომ პარლამენტში ზუგდიდს ხუთი დეპუტატი ეყოლებოდა, ორი სვანეთიდან იქნებოდა, სამ დეპუტატს კიდევ დავიმატებდით და ვფიქრობდით ფრაქცია „სამეგრელო“ შეგვექმნა. აქედან გამომდინარე ,მინდოდა უფრო მეტი დახმარება გამეწია ჩემი ქალაქისთვის. შემდეგ იყო „ვარდების რევოლუცია“ და ჩემი დეპუტატობა ერთ საათში დამთავრდა. კი ბატონო, ზაზა გოროზიას და მე გვყავდა საერთო მეგობრები და გვქონდა ურთიერთობა. ახლა იძახიან ახლო მეგობრები იყვნენო... 4 წელია ზაზა გოროზიასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
რადიო "ათინათი": „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში იმყოფებით?
ირაკლი გოგოხია: მე გავიარე ის ჯოჯოხეთი, რაც თქვენ ნახეთ, მაგალითად ციხის კადრები. კითხვას გისვამთ, როგორ შეიძლება მე ვიყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში ამ ყველაფრის შემდეგ? მე ჯოჯოხეთი გამოვიარე ,როგორც ზუგდიდის ციხეში, ისე გლდანის #8 საპყრობილეში. მე მგონი, გასაგებია!
მასალის გამოყენების პირობები