სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს. ჯგუშიამ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კანდიდატად მოიხსენია და იგი თაღლითობასა და ბიოგრაფიის გაყალბებაში დაადანაშაულა.
„ირაკლი გოგოხიამ „ლევი“ ბენზინის გაყიდვით მოინდომა უდიდესი თანხის შოვნა და ახლა ამბობს, რომ დისიდენტია და მის მიმართ რაღაც „სპეცოპერაცია“ ჩატარდა. ვინმეს გჯერათ, რომ გოგოხიამ ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში კურსები გაიარა და „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი იყო? იმ დროს, მე ვიყავი, ეროვნული ბანკის დირექტორის თანაშემწე და გოგოხიას ერთი კვირით მივეცი საშუალება დასწრებოდა თბილისში გერმანიის ერთ-ერთ საბანკო აკადემიის კურსებს. მას კი, „დოიჩე ბანკის“ შენობა გარედან ექნება ნანახი“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდი მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს აბსურდულს და სასაცილოს უწედებს.
„არ ვაპირებ თენგიზ ჯგუშიას პასუხი გავცე, არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ირაკლი გოგოხიამ.
„ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ შეთანხმებას და თანამშრომლობას უარყოფს და აცხადებს, რომ კოალიციის კანდიდატთან უკომპრომისო ბრძოლა ექნება.
„ირაკლი გოგოხიასთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ სცდება. მას შემდეგ ,რაც ირაკლი მერობის კანდიდატად წარადგინეს არ მინახავს და არც ტელეფონით შევხმიანებივარ. მინდა გითხრა, რომ მე და თენგიზ ჯგუშიასაც გვაკავშირებს მეგობრობა და ჩვენ ოცი წელზე მეტია ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს “ , - აცხადებს თეიმურაზ ბასილაია.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა. ჯგუშიას თქმით, იგი ზუგდიდში საარჩევნო ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები