დღეს, ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომლის ცემასა და ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. პროცესის დაწყებისას დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც, დარასელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ სხდომაზე განაცხადა, მათ შსს-ს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს, რომ მიეღოთ ინფრომაცია, თუ როდის და რა მოდიფიკაციის იარაღი ჩააბარა მათ დაზარალებულად ცნობილმა რობერტ გაბისონიამ. თუმცა, სამმართველომ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა და ინფორმაციის მიღებაზე დაცვის მხარეს უარი უთხრა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დარასელიას ახლობელები, მასა და გაბისონიას შორის 19 იანვრის ინციდენტამდე არსებულ დაპირისპირების და გაბისონიას მიერ დარასელიას მიმართულებით გაზის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შესახებ ადრეც საუბრობდნენ. ხოლო, გაბისონიამ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მას დარასელიასთვის არასდროს უსვრია და იარაღი ინციდენტამდე ჩააბარა სამმართველოს. დღესვე ბრალდების მხარემ დარჩენილი 7 მოწმე პროცესიდან მოხსნა და მათი დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა. დღესვე, სხდომაზე სხვა მოწმეებთან ერთად დაიკითხნენ საქმის გამომძიებელი პაატა დარასელია და სამმართველოს თანამშრომელი რევაზ ლაზიშვილი, რომელსაც გაბისონიამ ინციდენტის შემდეგ დაურეკა და პოლიციაში წაყვანა სთხოვა.
მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 23 მაისს ჩაინიშნა, ბრალდებული ლევან დარასელია დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე დარასელიას დაზარალებულისთვის აღნიშნული თანხის წართმევას და სხვა პირთან ერთად მის ცემას ედავება. ლევან დარსელიას ბრალი სისიხლის სამართლის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედება, რაც ჯგუფურ ძარცვას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები