სენაკში ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის დირექტორმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა საქართველოს ხელოვნების აკადემიის რექტორმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა განაცხადა,რომ ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს პატრონაჟით, 15-22 მაისს გაიმართება.
"ფესტივალში საქართველოში არსებული ყველა მუსიკალური სკოლებისა და სტუდიების მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. 15-დან 22 მაისამდე 800-მდე მოზარდს მოვუსმენთ. სენაკში ჩამოვლენ სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, ზემო სვანეთიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში და სტიმული მისცეს სამომავლო შემოქმედებით საქმიანობაში", - განაცხადა ვალერიან შიუკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების მოსმენების პარალელურად, ყოველ საღამოს ჩატარდება კონცერტები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
პროგრამაშია: ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი, უწმინდესის საგალობლების საღამო, ირმა სოხაძის სოლო კონცერტი, სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის კონცერტი, შეხვედრა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან და საქართველოს ხელოვნების აკადემიის სტიპენდიატების კონცერტი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა; სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, CAPTO GROUP RSM, შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია ALPEN FARMA, რომლის წარმომადგენლები ჯანდაცვის საკითხებზე ბავშვებს ლექციას ჩაუტარებს.
მასალის გამოყენების პირობები