დღეს ზუგდიდში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრებსა და ავტოსადგურის თანამშრომელს შორის ინციდენტი მოხდა. „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრის ლევან თორიას განმარტებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი, ავტოსადგურის შენობაზე წარწერას - „როლანდი ციხეში“- შლიდნენ. მათივე თქმით, ავტოსადგურის თანამშრომელმა, არსენა ჩანგელიამ მათ მეგობარს, ირაკლი კვარაცხელიას ბლაგვი საგანი თავის არეში ჩაარტყა. სამართალდამცავებმა ორივეე მათგანი ინციდენტის ადგილას დააკავეს. ამ დროისთვის,არსენა ჩანგელია ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. დაზარალებული კი დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როდესაც ჩანგელიამ გვითხრა შავად არ შეღებოთო, ჩვენც შევწყვიტეთ შეღებვა და გადავედით საუბარზე, ამ დროს ის მოულოდნელად აგრესიული გახდა და ჩემს მეგობარს, სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას, საფეთქელთან ბლაგვი საგანი ჩაარტყა,“, - ამბობს ლევან თორია.
ინციდენტის თვითმხილველის თენგიზ შეროზიას თქმით, ჩანგელიასა და „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ჩანგელიამ მათ წარწერის შავად გადაღებვა აუკრძალა.
"უთხრა თეთრად გადაღებეთო, მათ აგინეს, ამ დროს დაიწყო კამათი. როგორ ჩაარტყეს მე არ მინახავს",- ამბობს თვითმხილველი.
ინციდენტის ადგილას, ასევე მისული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია. მან მომხდარს ქალაქისთვის მიუღებელი ფაქტი უწოდა.
„დღისთ, ყველას თვალწინ ადამიანს, რომელიც ქალაქისთვის სამარცხვინო წარწერას შლიდა, თავში ჩაარტყეს. ეს ყველაფერი 90-იან წლებს მაგონებს“, - ამბობს თეიმურაზ ბასილაია.
მასალის გამოყენების პირობები