„სამეგრელო ხმის“ ლიდერი და საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტს“ აკრიტიკებს და არაპირდაპირი გზით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჯგუშიას განცხადებით, „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი“ საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად შექმნილი ინსტიტუტია და მისი წევრები ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ.
„ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი გავლენას ახდენენ პედაგოგებზე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, ფრანგული სკოლის დირექტორი კახაბერ ფარცვანია „ქართული ოცნების“ პარტიულ მუშაკად არის ქცეული და უშუალოდ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ამ დღეებში აქციის გამართვას ვგეგმავთ, პედაგოგები „ქართული ოცნების“ ბრჭყალებისგან უნდა ვიხსნათ“, - აცხადებს თენგიზ ჯგუშია.
ამასთან, ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციაში“ აცხადებენ, რომ ზუგდიდში ადგილი აქვს ამომრჩევლების დაშინებას. მათივე თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, მათ გარშემო ხშირად დაბურულმინებიანი, სუს-ის ავტომანქანები მოძრაობენ, რაც ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
„საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის“ წევრი კახაბერ ფარცვანია, თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.
„ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ თენგიზ ჯგუშიას ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ“,- უთხრა რადიო „ათინათს“ კახაბერ ფარცვანიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის 6 მაისს დაფუძნდა. საზოგადოებრივი დარბაზის წევრების განმარტებით, მათი მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები