აფხაზეთიდან 13 გმირი მეომრის ცხედარი თბილისშია გადმოსვენებული, - ამის შესახებ გუშინ საღამოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე, მემორიალთან განუცხადა. მისი თქმით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სურს საზოგადოებას აცნობოს, რომ დასრულდა 1993 წლის 22 სექტემბერს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენება და 13 გმირი მეომრის ცხედარი უკვე თბილისშია დასვენებული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის მასალები უახლოეს მომავალში გაიგზავნება ზაგრების ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო ოჯახის წევრების დე-ენ-ემ-ის ანალიზს სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაატარებს. მონაცემების შედარების შემდეგ კი მოხდება ცხედრების იდენტფიცირება და შემდეგ ცხედრები გადაეცემა ოჯახებს. დარახველიძის თქმით, ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში განხორციელდება. პროცესის მიმდინარეობას კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა საქართველოში ცხედრების გადმოსვენება. დარახველიძის თქმით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ჩვენი გმირი მებრძოლების საფლავები ადათ-წესების მიხედვით პატივმიგებული.
მასალის გამოყენების პირობები