„სამეგრელოს ხმის“ ლიდერებმა, თანამოაზრეებთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გააპროტესტეს და მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, ისინი სამშობლოსა და ოჯახის სიწმინდის დასაცავად გამოვიდნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერებით: „არა, გარყვნილებას“, „არა, უზნეობას“, „დაიცავი საქართველოს მომავალი“, „გავერთიანდეთ უზნეობისა და გარყვნილების წინააღმდეგ“ და ა.შ.
მოგვიანებით ისინი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და გუბერნატორის, ლევან შონიას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ გუბერნატორს, რიყის სასმელი წყლის მილების ამოღებასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია.
მასალის გამოყენების პირობები