„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, ქალაქის მოსახლეობას აქვს შანსი, არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, მართოს საკუთარი კეთილდღეობა და მომავალი.
"მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ჩემო თანაგუნდელებო, მეგობრებო. მინდა პატივისცემით შეგახსენოთ ყველას, რომ მშობლიური ქვეყნისთვის და ქალაქისთვის მსახურება ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. მოდით, ერთად გავხდეთ ქალაქის მსახურნი. ყოველი ჩვენგანის მოქალაქეობრივი პოზიცია იმით იზომება, მოვახერხებთ თუ ამა თუ იმ პრობლემების მიმართ, დროული პასუხისმგებლობის აღებას. მერწმუნეთ, შურისა და ბოღმის გარეშე, შრომა და აზროვნება უფრო ლამაზს გახდის ჩვენს საქალაქო ცხოვრებას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, რადგან თქვენ ქმნით საზოგადოებას, თქვენ აძლიერებთ ქალაქს და თქვენ უნდა დაიცვათ და განავითაროთ საკუთარი ქალაქი“, - მიმართა ამომრჩევლებს ირაკლი გოგოხიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. მან „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით წარადგინა. ამასთან, პრემიერმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები