“საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკრებულოს ფრაქციების რაოდენობის და მათ მიერ ინიცირებული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტსა და თვითმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოში 61 ფრაქციაა შექმნილი, რომელთა ნაწილს, 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე, არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. გამონაკლისს მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოადგენს, სადაც 2013 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ფრაქციების მიერ ორჯერ მოხდა კონკრეტული საკითხების ინიცირება.
“საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო”- ს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განცხადებით, ფრაქციათა უმეტეს ნაწილს რაიმე სახის სარგებლობა მუნიციპალიტეტისთვის არ მოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს მათი შენახვა სოლიდური თანხა უჯდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში სულ 228 წევრია, ამათგან 125 ანაზღაურებად თანამდებობაზეა. კერძოდ - 9 საკრებულოს თავმჯდომარე, 10 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, 45 - საკრებულოს კომისიათა თამჯდომარეები და 61 - საკრებუოს ფრაქციების თავმჯდომარეები.
აღსანიშნავია, რომ ფრაქციების უმეტესობა (48 ფრაქცია) 2012-2013 წლებშია შექმნილი (2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ). ყველაზე მეტი - 11 ფრაქცია კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს. ფრაქციათა თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება მესტიის მუნიციპალიტეტში 1000 ლარია, თვითმმართველ ქალაქ ფოთში 1500 ლარი, ყველა სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმდჯომარის ხელფასი კი 1350 ლარითაა განსაზღვრული. გარდა ხელფასისა და პრემიისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.
„შეიძლება დავსკვნათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ფრაქციათა თავმჯდომარეები მხოლოდ უწყვეტად იღებენ ხელფასს, თუმცა, ამავდროულად მათ საქმიანობას რაიმე სახის სარგებლი მუნიციპალიტეტებისათვის არ მოუტანია.
მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან,“- აღნიშნა არჩილ თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები