ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ გაეროდან, ანტი ტურუნენმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა , ვიაჩისლავ ჩირიკბამ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) შეხვედრების აღდგენის საკითხი განიხილეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
"ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლება იყო. ამ საკითხზე საუბრისას ვიაჩისლავ ჩირიკბამ რიგ პრობლემებზე მიუთითა, რომელიც შეხვედრების აღდგენას ხელს უშლის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთიან პოზიციაზე შეთანხმებას შეძლებენ და IPRM-ის შეხვედრები განახლდება", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, შეხვედრისას გაცხადდა, რომ აფხაზური მხარე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო კომუნიკაციაში ბარიერების მოხსნას ითვალისწინებს". დოკუმენტების პროექტი ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ იქნება განხილული.
მასალის გამოყენების პირობები