საქართველოში პირველი ლეგალური მუსიკალური სერვისი, bravissimo.ge ამოქმედდა, რომელიც მუსიკალურმა კომპანია „ბრავო რეკორდსმა,“ ინტერნეტ პროვაიდერმა „კავკასუს ონლაინმა“ და კომპანია branding.ge–მ შექმნეს. პროექტის პარტნიორია Sony music–ი, რისი დამსახურებითაც საიტის კონტენტი 100%–ით ლეგალურია.
როგორც პრეზენტაციაზე „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ განაცხადა, აღნიშნული საიტი, გარდა უცხოური თუ ქართული ტრეკების გადმოწერისა, მომხმარებელს სხვა არაერთი სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. მისი თქმით, ესაა შესაძლებლობა ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, მიიღონ შემოსავალი და მოსიკალური ინდუსტრია შედგეს როგორც ბიზნესი. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საავტორო უფლებების დაცვის და შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობას.
რაც შეეხება ტარიფებს, საიტიდან ერთი ქართული ტრეკის ჩამოწერა 50 თეთრი, უცხოურის კი 90 თეთრი ღირს. შედარებისთვის: უცხოურ საიტებზე ანალოგიური სერვისით სარგებლობის ღირებულება 99 ცენტია.
გარდა მუსიკის ჩამოწერის სერვისისა, საიტის ავტორიზებულ მომხმარებელს ახლო მომავალში შესაძლებლობა ექნება, ჩამოტვირთოს ფილმები, კომპიუტერული თამაშები, უყუროს „ლაივ კონცერტებს.“ საიტი მომხმარებელს სხვა დამატებით სერვისებს, მათ შორის საქართველოში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, მათ შეფასებას, საყვარელი შემსრულებლის სახელზე შექმნილი სუვენირების ადგილზე მიტანას და სხვა მომსახურებებს სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები