"ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის წარმომადგენლები არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობების თანაბარ პირობებში გამოყენება არ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
"ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატის რუსუდან პაჭკორიას განცხადებით, კომბინატის კულტურის სახლის დარბაზით, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამგეობის მიერ ოფიციალურად არის გამოყოფილი, ვერ სარგებლობენ.
„ამ დარბაზში უკვე ჩატარდა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შეხვედრები, თუმცა იმ მომენტში, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დარბაზის გამოყენება, აღმოჩნდა, რომ იქ შეხვედრის ჩატარება შეუძლებელია, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აცხადებს რუსუდან პაჭკორია.
მისივე განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეხვედრებისთვის ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა, მისივე განმარტებით, შეთავაზებული დარბაზები ზოგ შემთხვევაში მოუწესირიგებელია ან მცირეა.
ამასთან, რუსუდან პაჭკორია აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რაც მის კანდიდატურასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება.
„ძალიან მიზანმიმართული საქმიანობა მიმდინარეობს ამომრჩევლთა დასარწმუნებლად, თითქოს არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა არის ბლეფი და არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდში კანდიდატურას მოვხსნით. მე მინდა ჩემს ამომრჩეველს მივმართო და უთხრა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა", - აცხადებს "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი რუსუდან პაჭკორია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგენ სართანიას განცხადებთ, კულტურის სახლთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რასაც უახლოეს მომავალში გამოასწორებენ.
„კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 22 მარტს გამოვაცხადეთ, 22 აპრილს კი გამარჯვებული გამოვლინდა,დაიდო ხელშეკრულება და შესაბამისად დაიწყო სარემონტო სამუშაოები. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, თუმცა, დღესვე გავამზადებთ წერილს და ყველა პარტიას დავაუწყებთ და შევთავაზებთ ალტერნატიულ ფართს“, - აცხადებს გურგენ სართანია.
მასალის გამოყენების პირობები