რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს , ზუგდიდში, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასზე, გასულ წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია განიხილეს. შეხვედრას გუბერნიისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. აქვე, სამგერელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიის ამსახველი, ორი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გელა სვირავამ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის მოკლე ანალიზი გააკეთა. მისი განმარტებით, რეგიონში ტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობებია და წელს, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, აქ 400-500 ათასს ტურისტს ელოდებიან. სვირავას თქმით, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში, მიუხედავად ამისა, რეგიონს აქვს შესაძლებლობა 1,5 მილიარდი ლარის პროდუქცია აწარმოოს.
„სოფლის მეურნეობაში დღევანდელი მონაცემებით 300 ლარის პროდუქცია იწარმოება, რაც დაბალი მაჩვენებელია ჩვენს შესაძლებლობებთან შედარებით. ძალიან დიდი პერსპექტივები შეიძლება გაუჩნდეს ამ დარგს, თუ დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს“, -აღნიშნა გელა სვირავამ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ჯიქიამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული, კერძოდ, წყალმომარაგება და გზების რეაბილიტაცია. მისივე თქმით, რეგიონისთვის ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რომელიც ტობავარჩხილის , მუხურისა და ლუგელას ხეობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. სამეგრელო - ზემო სვანეთის 2014 - 2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგია მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა. მასზე ექსპერტებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შექმილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.
რეგიონის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისას, რამდენიმე საკითხი გამოიყო: კარგად განვითარებული ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, მზარდი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სექტორი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მაქსიმალურად გამოყენება, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მატერიალური აქტივებისა და ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა, სამრეწველო პოტენციალის სტიმულირება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები