დღეს, ზუგდიდში „სამეგრელო ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, თანამოაზრეებთან ერთად, რამდენიმე საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გამართა. ჯგუშიას განმარტებით, აქციები მიმართულია არა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„ქართული ოცნება“ ერთი ერთზე იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ მიდგომებს. სკოლის დირექტორებსა და მენეჯმენტს სახელისუფლო პარტია აიძულებს "ოცნებაზე" მუშაობას. საქართველოში არ მომხდარა და ზუგდიდში ორი სკლის, მეოთხე და ფრანგულის სკოლის დირექტორები ძალით შეიყვანეს „ოცნების“ რიგებში. ამ ორმა უღალატა მოსწავლეებს და პროფესიულ სინდისს“, - თქვა თენგიზ ჯგუშიამ.
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ საპროტესტო აქციები ზუგდიდის პირველი, მეორე, მეოთხე საჯარო და ფრანგული სკოლის შენობების წინ გამართა.
თენგიზ ჯგუშია ფრანგული და მეოთხე სკოლის დირექტორებს, კახა ფარცვანიასა და ნათია ხუფაცარიას "ქართული ოცნების" რიგების დატოვებისკენ მოუწოდებდა.
ფრანგული სკოლის მახლობლად მცხოვრებნი კახა ფარცვანიას გამოესარჩლნენ და თენგიზ ჯგუშოას აქციას მიუღებელი უწოდეს.
ფრანგული სკოლის დირექტორი ჯგუშიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, კახა ფარცვანიას და ნათია ხუფაცარია "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრები არიან.
მასალის გამოყენების პირობები