აფხაზეთში განვითარებული პროცესების რეალურ მიზეზებსა და მიზნებზე, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, თუ როგორ აისახება ეს პროცესები რუსეთ-აფხაზეთისა და საქართველო-აფხაზეთს შორის ურთიერთობაზე, ამის შესახებ, საბჭოთა პერიოდში აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი, აფხაზ-აბაზინელი ხალხების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი,
ტარას შამბა საუბრობს.
- ოპოზიცია ანქვაბს კორუფციაში, გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის აფხაზური პასპორტების გაცემაში ადანაშაულებდა. ქურდობაში ანქვაბს დადანაშაულება საკმაოდ ძნელია. ბევრი ამ პროცესების დეტონატორად თქვენს მიერ ამ პროცესების დაწყებემდე სულ ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ასოცირებული ურთიერთობების გაფორმების აუცილებლობას შეეხებოდა. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება აფხაზეთში განვითარებული პროცესების ამგვარი ახსნა?
- ცხოვრების დიალექტიკა იმდაგვარია, რომ მომხდარში უამრავმა ფაქტორმა მოიყარა თავი. რაც შეეხება ჩემს წინადადებას. ამ აზრის გამოთქმისას მე ამოვდიოდი იქედან, რომ აფხაზეთმა ასოცირებული ურთიერთობები უნდა გააფორმოს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვა სახელმწიფოებთანაც, რომლებსაც უნდათ ჰქონდეთ აფხაზეთთან ურთიერთობები. აუცილებელია, აფხაზეთს ჰქონდეს ფართომასშტაბიანი შეთანხმება რუსეთთან, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ურთიერთდაინტერესების ყველა სფერო და ისინი ამ შეთანხმებაში სრულად იქნება ასახული. ეს ის საკითხებია, რომლებიც არ უნდა იყოს დამოკიდებული აფხაზეთში ხელისუფლების ცვლაზე და იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხებისადმი აფხაზეთის ამა თუ იმ მმართველს.
ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან მინდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწეროს შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროების განვითარებას შეუწყობს ხელს და მრავალი ათწლეული აფხაზეთის განვითარების გარანტიებს შექმნის. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები აუცილებლად გადაწყდება, ვინაიდან მათ აფხაზეთის ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაექცევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს აზრს ყოველთვის როდი ითვალისწინებდნენ. ასე იყო 1992 წლის ომის წინ, როცა მე თბილისსა და სოხუმს შევთავაზე, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ურთიერთოების შესახებ.
- მახსოვს ეს შეთავაზება. ჩვენ მას შეძლებისდაგვარად აუცილებლად დავუბრუნდებით. ბევრი მიიჩნევს, რომ აფხაზურ პროცესებში საკმაოდ აშკარად ჩანდა გარე ფაქტორის როლი, ანუ მოსკოვის დაინტერესება. საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ კრემლს არ აწყოდა ანქვაბი, რომელიც აგრძელებდა ბაღაფშის კურსს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან შერიგების გზების ძიება. ჯერ ბაღაფშა, ხოლო შემდეგ ანქვაბმა უარი თქვეს, რუსეთის მოქალაქეებსაც ჰქონოდათ აფხაზეთის მოქალაქეობის უფლება, რაც მათ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლ;ობას მისცემდა. ანქვაბი ასევე წინააღმდეგი იყო, რუსეთის მოქალაქეებზე გრძელვადიან არენდაში გაეცათ აფხაზეთის მიწები, მან ასევე უარი თქვა ჩრდილოეთ კავკასიიდან სოხუმში მიმავალი გზის მშენებლობაზე. ეს არის ის, რის გამოც შეიძლება არ მოსწონებოდა კრემლს ანქვაბი?
- ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რის გამო შეიძლება არ მოსწონებოდა კრემლს ანქვაბი. ანქვაბი საკმაოდ მოქნილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია და არ მგონია, რომ მას კრემლთან სერიოზული უთანხმოებები ჰქონოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ანქვაბი ხელისუფლებაში კრემლმა მოიყვანა და არა მგონია, რომ კრემლს შეეძლო მისი ხელისუფლებიდან გადაყენება. ახლა ანქვაბის გადადგომაზე ბევრი რამ არარეალური ითქმება. მომხდარზე სისტემური ხედვა კი იმაზე მიანიშნებს, რომ აფხაზეთში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონი იყო სწორედ იმის დეტონატორი, რამაც იგი იძულებული გახადა, გადამდგარიყო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ანქვაბმა ვერ შეძლო იმ პრობლემებს გამკლავებოდა, რომელიც მის წინაშე იდგა.
- ანქვაბი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო მან, გამკლავებოდა პრობლემებს?
- მიჭირს ამის თქმა. ალბათ იმიტომ, რომ მართვის ის ფორმა, რომლითაც ქვეყანას მართავდა, არადემოკრატიული იყო. ხალხს უნდა, რომ მათ ხვდებოდნენ, ეთათბირებოდნენ, სულ მცირე, მოუსმინონ მათ აზრს. სამწუხაროდ, ასეთი რამ რეალურად არ ხდებოდა. ამიტომაც ვამბობ, ანქვაბის გადაყენების მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ანტიტემოკრატიული მმართველობა და ხალხის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება.
- რუს ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, რაც აფხაზეთში მომხდა, არის რუსეთის მცდელობა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ხელმოწერას. თქვენი აზრით, ამგვარი შეფასება რამდენად რეალურია?
- ჩემი აზრით, ეს რეალობისაგან ძალიან შორსაა. მიმაჩნია, რომ ვინც ასე ფიქრობს, საკუთარი ცხვირის იქეთ აშკარად ვერაფერს ხედავს.
- ანქვაბის მიმართ ოპოზიციის პრეტენზიების საკმაოდ დიდი ნაწილი უკავშირდებოდა გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის თემას. მეტიც, სოხუმში გამართულ მიტინგებზე ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის განდევნა აფხაზური საზოგადოების დაკვეთაა. თქვენის აზრით, რამდენად სწორს ბრძანებს ხაჯიმბა? და კიდევ, აფხაზეთში ხელისუფლების ცვილების შემდეგ ემუქრება თუ არა გალში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას დევნა და დევნილობა?
- ნამდვილად არ ვიცი, ასეთი რამ განაცხადა თუ არა მიტინგზე ხაჯიმბამ. მე სხვა რამეს გეტყვით - საერთოდ ჩვენ მოძმე ხალხები ვართ. ბუნებრივია, ჩვენს შორის სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად იყო გაუგებრობები, კონფლიქტები, შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით პრეტენზიები მხოლოდ იმიტომ კი არ იყო, რომ ისინი ქართველებზეა გაცემული. არა ბატონო, პასპორტები უკანონოდაა გაცემული სხვა ეროვნების წარმომადგენლებზეც. პრობლემა იმაშია, რომ პასპორტები არსებული კანონმდებლობის დარღვევით გაიცა. ეს ნამდვილად მოსაწერიგებელი და გამოსასწორებელი იყო და ამის გამოსწორება არც ისე ძნელი იყო. თუ ვინმეს ამის გამოსწორება უნდოდა, უნდა გაეკეთებინა. ამ თემას ოპოზიცია მის წინააღმედგ დაწყებულ კომპანიაში აქტიურად იყენებდა. ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის ფაქტორის გათვალისწინებით, აფხაზეთიდან ქართველების განდევნას გამოვრიცხავ. აფხაზეთის ხეკლისუფლებამ სპეციალურად ასწია შლაგბაუმი, რომ ქართველები და მეგრელები აფხაზეთში დაბრუნებულიყვნენ. რამდენადაც ვიცი, აფხაზეთში დაახლოებით 60 ათასი ქართველი და მეგრელია დაბრუნებული. საქართველოს წინა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი არ გაგრძელებულიყო. ახლაც, აფხაზებს, ქართველებსა და მეგრელებს შორის ურთიერთობა საკმაოდ მშვიდად ვითარდება. ხალხი მშვიდად კვეთს საზღვარს მდინარე ენგურზე და დადის ერთმანეთთან გასვენებებში, ქორწილებში. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილება გალში მცხოვრებ მოსახლეობის მდგომარეობაზე უარყოფითად არანაირად არ აისახება. მათ წინააღმდეგ დევნის მოლოდინი საფუძველსმოკლებულია.
- თქვენი აზრით, აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოხუმის ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოსთან მიმართებაში?
- ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ქართულმა მხარემ უნდა შეძლოს ამაღლება და იმის თქმა, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთს საფრთხე არ ემუქრება და მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას, ერთმანეთთან დაამყარონ თანასწორი ურთიერთობები.
სერგეი ბაღაფშის საიუბილეო საღამოზე პირველი სიტყვის თქმის პატივი წილად მე მერგო და მე მაშინ ვთქვი - ქართველები და აფხაზები მოძმები ერები არიან, მაგრამ ყველა ძმა თავის სახლში უნდა ცხოვრობდეს და ამაში არაფერი საშინელი არ არის, ვინაიდან ისინი ხშირად შეხვედებიან ერთმანეთს და გაიზიარებენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგებას არა ემოციურად, არამედ უფრო სიღრმისეულად უნდა შევეცადოთ. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვიყოთ.
- თუ სწორად მივხდი, "ქართველი ძმებისთვის" აფხაზეთში დასაბრუნებლად გალის რაიონის გარდა კარი დახურულია? ანუ, ქართველები მხოლოდ გალის რაიონში უნდა ცხოვრობდნენ?
- რატომ? ღმერთის წყალობით, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს გალის რაიონის მიღმა და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგადაც. გამორიცხულია, რომ აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვინმეს უფლებები ეროვნული ნიშნით შეილახოს. დარწმუნებული ვარ, ამ თვალსაზრისით, ყველაფერი კარგად იქნება.
მასალის გამოყენების პირობები