7 ივნისს, 13:00 საათზე, მარტვილის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლების პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან გაფორმებული 2013 წლის მემორანდუმისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად განხორციელდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა გუნდის მხარდაჭერით მოხდა იმ რეგიონული ინსტიტუციის აღდგენა-განახლება, რომელიც ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში არ შედის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამონაწილეობით, პროექტის ფარგლებში მოხდა მუზეუმის ზონირება, ფუნქციურად გაიმიჯნა სივრცეები, შესრულდა მუზეუმის საფონდო სამუშაოები (არტეფაქტებისა და დავთრების დიგიტალიზაცია, საინვენტარო და საგამოფენო ნუსხებისა და კოლექციების დიგიტალური-ფაილებისა და სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების შექმნა), ექსპონატებს ჩაუტარდა რესტავრაცია-კონსერვაცია; მოეწყო ახალი ექსპოზიცია; გამოიცა მუზეუმის ალბომი. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახლადშექმნილ საგანმანათლებლო ცენტრში განთავსდა სამეცნიერო ბიბლიოთეკა (რომლის ნაწილიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიერაა შეგროვებული) და შემუშავდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა; მოეწყო ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით, უნიკალური ექსპონატების ბაზაზე და ახლადშექმნილი გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს და რეგიონის კულტურულ ცენტრად იქცევა.
მასალის გამოყენების პირობები