„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას საქმის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს.
„ეს უკანასკნელი დღეები საგრძნობლად დაიძაბა პოლიტიკური გარემო ზუგდიდში. კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნამ გამოიწვია ბუნებრივი რეაქცია, როგორც ოჯახის წევრებში ასევე, მოსახლეობის დიდ ნაწილში. მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი უარყოფითად აფასებს. უცნაურია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მცდელობა ეს ტრაგიკული ფაქტი გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური ავანტიურის ისტრუმენტად. „ქართული ოცნება“ პატივს სცემს გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახის წევრებს და არ აპირებს აყოლას ამ უმსგავსოებაში. საქმეზე დადგება მალე სასამართლო განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება“, - აღნიშნულია შტაბის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ გააცნო.
მისივე განმარტებით, ყველა საერთაშორისო გამოკვლევაში, მათ შორის, ე.წ „კარდაკარის“ შედგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია.
„ბუნებრივია ეს აშფოთებს ჩვენს ოპონენტებს და ისინი სრულიად მიუღებელი ფორმით გადადიან პროვოკაციებზე და ბრალდებებზე. არჩევნების დღე - 15 ივნისი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და დაასრულებს ამ უმსგავსობას. აქედან გამომდინარე, მოუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს მშვიდად მივყვეთ არჩევნების პროცესს“, - არნიშნა მერაბ ქვარაიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრების დაწყებისთანავე, ასევე ბოლო დღეების მანძილზე, მათზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელა.
„იმ დღეს, ქარდავას ოჯახის წევრები მოსულები იყვნენ თენგიზ გუნავასთან, ჩვენ მათ დილას შევხვდით და ვისუბრეთ. ვწუხვარ, რომ პრემიერი კვლავაც იყენებს, როგორც რაფალციანის ოჯახების ტრაგედიას თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქარდავას ოჯახი გაჩერდა, რადგან მიხვდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ამ საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, - თქვა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ.
ცნობისთვის, კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან აქციები გამართეს. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ქარდავას ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის თენგიზ გუნავას გადადგომას ითხოვდნენ. ერთ-ერთ დაპირისპირებაში, ქარდავას ოჯახის წევრებისა და ახლობებთან ერთად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები