დღეს, მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, ზუგდიდის ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა პრესკონფერენცია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ეხებოდა. ჯგუშიამ გუბერნატორს რამდენიმე ბრალდება წაუყენა. მათ შორის: წყლის მილების საქმესთან კავშირი, არჩევნების პროცესებში უხეში ჩარევა, ბიზნეს-ფორუმის - „ანაკლია 2014“-ის გაუმჭვირვალობა და სხვ.
„ შარშან, როდესაც „სამეგრელოს ხმას“ ვაყალიბებდი, შონიას შევხვდი და ვუთხარი, თუ რა გეგმები მქონდა კანონის გაძლიერების მიმართულებით. მე და შონიამ ბევრ რამეზე გავცვალეთ აზრები და ბოლოს გამომშვიდობებისას მან მკითხა ერთ მეგრული გვარის მქონე, საქართველოში ძალიან ცნობილ ბიზნესმენთან დაკავშირებით. ეს ბიზნესმენი გახლავთ ჩემი და შონიას საერთო ნაცნობი. შონიამ მითხრა, ამ ადამიანს თუ რაიმე პრობლემა შეექმნებოდა და თუ მე მას ვნახავდი, გადამეცა, რომ შონია მას "უკანა კარებიდან" შეიყვანდა ბატონ ღარიბაშვილთან. მე მას ვუთხარი, რომ ამ ადამიანს ასეთ რამეს ვერ ვაკადრებ მეთქი. ამის შემდეგ შონიასთან ყოველგვარი
ურთიერთობა გავწყვიტე, “- თქვა თენგიზ ჯგუშიამ.
მისივე თქმით, ის ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ბიზნესმენის ვინაობის დასახელებისგან და ამბობს, რომ გუბერნატორს რამდენიმე დღეს აძლევს, რათა თავად დაასახელოს ამ ბიზნესმენის ვინაობა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ღამე არ დავასვენებ შონიას განზრახვებისთვის, რაც მას ბიზნესმენებისთვის "წილებში ჩაჯდომის“ მიმართულებით აქვს ნაფიქრი“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები