ზუგდიდში, თვითთმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ყოფილი და მმართველი პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ და არჩევნების დღეს, მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 ივნისს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს შტაბის განცხადება გააცნეს.
„არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურმა შტაბმა ზუგდიდში 100 კაციანი ჯგუფი მოავლინა. ამ ადამიანებისთვის მიცემულია ინსტრუქცია , თითქოს ეს ადამიანები არიან ჟურნალისტები და „თავისუფალი ზონის“ ეგიდით აპირებენ ზუგდიდში არჩევნების გაშუქებას. რეალურად კი, მათთვის მიცემულია დავალება: მოაწყონ პროვოკაციები და ცალკეულ უბნებზე შექმნან ქაოსი და დესტაბილიზაცია.
მივმართავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში „თავისუფალი ზონის“ ეგიდით მოქმედი ადამიანების ქცევას. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ამ ადამიანებისთვის მიცემულია არჩევნების გაყალბების ხელშეწყობის, უბნების დარბევისა და პროვოკაციების მოწყობის ინსტრუქციები“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ გააცნო.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს, პროვაკაციების დაფიქსირებების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მმართველი პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს არეულობასა და პროვოკაციების მოწყობას თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გეგმავენ.
„ბოლო სამი თვეა, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და თუ ვინმე ახორციელებს არეულობას ,ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი აქტივისტები. 100 კაციანი ჯგუფის შემოყვანაზე მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ვუპასუხო: არა 100 კაციანი, არამედ 100 ათასიანი არმია მყავს ჩამოყვანილი ზუგდიდში“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელი ლაშა დამენია.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პროვოკაციების მოწყობას იმ უბნებზე გეგმავს, სადაც დიდი ანგარიშით ელოდებიან წაგებას.
„მაგალითად, დარჩელში, ფაიფურში, მე-18 ,მე-8 უბანზე, კომბინატში, ანაკლიის პირველ უბანში და ა.შ. ეს ის უბნებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არეულობების მოწყობა დაგეგმა“, - თქვა ლაშა დამენიამ.
მასალის გამოყენების პირობები