ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, 6 თვითმმართველ ქალაქში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა უმეტეს ქალაქებში მეორე ტურია მოსალოდნელი .
ეგზიტპოლის მიხედვით, გორში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი 40,8%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი "ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა - 32,3%-ით.
ბათუმში ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ერმაკოვი 46,2%-ით ლიდერობს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი დიასამიძე - 14,7%-ით.
ზუგდიდშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი გოგოხია ლიდერობს 59,9%-ით, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ხმების 29,7% დააგროვა.
ქუთაისში პირველ ადგილზეა ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი შოთა მურღულია 52,5%-ით, ხოლო 26,9%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი თევდორაძე.
რუსთავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავითი ჯიქია ლიდერობს 37,4%-ით, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა კი 26,3% დააგროვა, მესამე ადგილზე ეროსი კიწმარიშვილია.
თელავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძე ლიდერობს, რომელმაც ხმების 46,7% დააგროვა, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა კი - 19,7%.
"რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათისთვის დაფიქსირებული მონაცემებით წარადგინა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის სრულყოფილი შედეგები კი ცნობილი 22:00 საათისთვის გახდება.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში ეგზიტპოლები ორგანიზაცია GFK ჩაატარა.
მერს დღეს პირველად პირდაპირი წესით საქართველოს 11 ქალაქში ირჩევდნენ. მერის არჩევნები, თბილისის გარდა, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები