საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქსა და მარტვილში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"18 ივნისს, №40-ე ახალქალაქის და №65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების მიმდინარეობისას, რომლებზეც საჩივრები განიხილებოდა, შეიჭრნენ საარჩევნო სუბიექტის - "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლები, ხელი შეუშალეს კომისიის საქმიანობას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიის წევრებს. ორივე შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის გადაწყვეტილებებზე ძალადობრივი ფორმით ზეგავლენის მოხდენა; ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და არ გასცდნენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები