აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ტრადიციულად ზუგდიდში ჩამოვიდა და დევნილებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს ჟენევის მოპლაპარაკებების შედეგები და შთაბეჭდილებები გააცნო.
ყოლბაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა, აფხაურ მხარესთან კულუარებში მნშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
„ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ იმ ქართულ მოსახლეობას, რომელსაც გააჩნია აფხაზური პასპორტები არ ემუქრებათ მასიური განდევნა, ამისათვის მადლობა მათ. ყოველ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ეტაპზე იქ ვითარება საპანიკო არ არის“, -აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
ამასთან, ყოლბაია აცხადებს, რომ აფხაზური მხარე დაინტერესებულია და შესაძლებელია აღდგეს ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრები ჭუბურხინჯში.
ცნობისთვის, ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა დისკუსიის 28-ე რაუნდი, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება დატოვეს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა. ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყო 17 ივნისს, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლების შუამავლობით. სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რუსეთის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მხარდაჭერით, დღის წესრიგიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების საკითხის ამოღება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თბილისი ამ საკითხის „პოლიტიზებას“ ახდენს.
ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 7-8 ოქტომბერსაა დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები