გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ, გოგა ანჩაბაძის სასამართლო სხდომაზე დღეს, 26 ივნისს, თავად ბრალდებული დაიკითხა. იგი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს საქმეზე განსხვავებულ ვერსიას უყვება.
„ჩხოროწყუში ვიყავი სტუმრად, ოდნავ ნასვამი წამოვედი. გადავწყვიტე კახა გულორდავასთვის გამევლო, დავურეკე, მაგრამ მობილური გამორთული ქონდა, ამიტომ მის მეუღლესთან დავრეკე. მანქანაში ღვინოც მქონდა, ვუთხარი, რომ მასთან და კახასთან ერთად მინდოდა დამელია. მან მითხრა, რომ დედამისის სახლში იმყოფებოდა. გავუარე ანას და ერთად წავედით მათ სახლში. გზაზე დაახლოებით 60კმ/სთ -ით ვმოძრაობდი, როცა ჩემს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანა შემხვდა, რომელმაც ფარები ამინთო. ვიფიქრე, შეიძლება მანქანას ჩემი ზემდგომი პირი მართავს, არ მინდოდა ნასვამი ვენახე საჭესთან, ამიტომ არ გავუჩერე და სიჩქარეს მოვუმატე. სწრაფად ვმოძრაობდი, ამასობაში ე.წ პოლიტექნიკურ კოლეჯთან აღმოვჩნდი, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მინდოდა, ამ მიზნით კოლეჯის ეზოში „შევვარდი“. ამ დროს ანას განწირული ხმა შემომესმა -გააჩერეო იყვირა, მაშინვე დავამუხრუჭე, ანი მანქანიდან გადმოვიდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი, აღელვებული იყო „აქ რატომ შემომიტყუეო?“ -ამბობდა.
გავგიჟდი, ჩემზე ეს როგორ იფიქრე მეთქი, ამ დროს ქალბატონი გამოვიდა შენობიდან. ეს ქალბატონი ჩვენს შორის იდგა, ანა იგივეს იმეორებდა, ქალბატონმა ის შენობაში შეიყვანა, მოგვიანებით მეც შევედი, მანდ ოთხი ქალბატონი დამხვდა, ერთ-ერთი ინვალიდის ეტლით იყო. სასამართლოზე ამდენი მოწმე საიდან გაჩნდა არ ვიცი, მე იქ მხოლოდ 4 ქალბატონი ვნახე“- განაცხდა ანჩაბაძემ.
მისივე თქმით მან სთხოვა ანა ძაპტაშვილს დამშვიდებულიყო და სახლში წაყვანა შესთავაზა, თუმცა ძაპტაშვილი არ დათანხმა.
„გაოგნებული ვიყავი, მან ჩემში ეჭვი შეიტანა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ეს ეჭვი მან თავის თავში ეძებოს,“- თქვა ანჩაბაძემ პროცესზე.
ანჩაბაძის თქმით, იგი მეორე დღეს სამსახურში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ძაპტაშვილის დედა დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცოდა „მისი საქციელის“ შესახებ.
„მითხრა, ჩემი შვილი შეგიტყუებია, ვიცი, რომ მისთვის ხელი არ დაგიკარებია, მაგრამ შენ იქ ისე, უბრალოდ, არ შეხვიდოდიო. მე ვუთხარი, რომ ხვალ შევხვდებოდი და დეტალურად ავუხსნიდი ყველაფერს.“
როგროც ანჩაბაძე განმარტავს, აღნიშნული საუბრიდან 3-4 საათში ანჩაბაძეს მისი და გულორდავას საერთო მეგობარი ირაკლი მალანია დაუკავშირდა.
„მითხრა კახამ დამირეკა, გუშინდელ ინციდენტზე, გაოგნებულია, არ სჯერა და შენი ნახვა უნდაო, მე დავთანხმდი. გულორდავასთან მალანიას მანქანით მეორე დილით ავედით, ჩიხში შევედით, გულორდავას სამარშრუტო ტაქსი მოგვიდგა უკან. მინდოდა ყველაფერი დეტალურად ამეხსნა, მაგრამ ვინ გაცალა?! მერე რაც მოხდა ეს იყო წამება, უმძიმეს მდგომარეობაში ჩამაგდეს, შვიდ ადგილას მაქვს ფეხი გახვრეტილი.“- განუცხადა ანჩაბაძემ სასამართლოს.
გაუპატიურებაში ბრალდებული მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმის ამ მუხლით აღძვრა გულორდავას დანაშაულის გადასაფარად მოხდა.
„ეს მათი ერთადერთი გამოსავალი იყო, მე ვარ უდანაშაულო, ამ ადამიანისთვის ხელიც არ დამიკარებია,-“ აღნიშნავს ანჩაბაძე.
დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის კიდევ 3 მოწმე დაიკითხა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სასამართლო ექსპერტმა მამუკა ნოსერიძემ, სასამართლოს მის მიერ გაცემული დასკვნა წარუდგინა. დასკვნაში მითითებულია, რომ ძაპტაშვილს დაბეჟილობის გარდა სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ზემოქმედების შედეგად მიღებულ მექანიკურ დაზიანებას არ წარმოადგენს.
შსს-ს ქიმიკოს-ექსპერტმა სოფიო ეხვაიამ სასამართლოს უთხრა, რომ ძაპტაშვილისა და ანჩაბაძის ტანისაცმელზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოვანი ჯგუფის ქსოვილები არ აღმოჩნდა.
ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ექსპერტმა თამარ შოშიტაიშვილმა კი სხდომაზე დადასტურა, რომ ძაპტაშვილის ტანსაცმელზე საერთო საექსპულატციო ცვეთის გარდა სხვა სახის დაზიანება არ აღმოჩნდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა ანჩაბაძის საქმეზე ხვალ 27 ივნისს არის ჩანიშნული, სადაც მოსამართლე მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს და სავარაუდოს განაჩენსაც გამოიტანს.
მასალის გამოყენების პირობები