ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ, ყოფილ პოლიციელს გოგა ანჩაბაძეს, ბრალი მე-19 და 137-ე მუხლების საფუძველზე ჰქონდა წარდგენილი,რაც წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობის მცდელობას გულისხმობს. მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად და ანჩაბაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა,განაჩენის გასაჩივრების უფლებით მიუსაჯა.
ანჩაბაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს,რომ განაჩენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიმართა თხოვნით,რომ გოგა ანჩაბაძე მე-19 და 137-ე მუხლების საფუძველზე გასამართლებულიყო.დაცვის მხრემ კი დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის მიმართ, დაზარალებულის ახლობლების მხრიდან არსებულ პირად ინტერესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანჩაბაძის მიმართ საქმე მავანთა და მავანთა მიერ არის შეთითხნილი. მისივე მტკიცებით,არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს,იმაზე რომ ანჩაბაძემ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა.
სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემაც, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. „ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და არც პირდაპირი მტკიცებულება. მე უდანაშაულო ვარ და მჯერა რომ,თქვენ მიიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა გოგა ანჩაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს გოგა ანჩაბაძის მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის, ანჩაბაძე ძაპტაშვილის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები